აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობით უკმაყოფილებამ მეორე საპრეზიდენტო ვადაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ეკონომიკური პრობლემებისა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის ფონზე, - ამის შესახებ Emerson College-ის ახალი გამოკითხვა მეტყველებს.

გამოკითხვის თანახმად, ტრამპის საქმიანობას არ მოსწონს გამოკითხულთა 58%, ხოლო მოსწონს - 39%. უკმაყოფილების მაჩვენებელი 17 პუნქტით მაღალია 2025 წლის იანვართან შედარებით, როცა ტრამპმა თანამდებობა მეორედ დაიკავა.


კითხვაზე, როგორ აფასებენ ტრამპის მეორე ვადას, 56% აცხადებს, რომ მან მოლოდინზე უარესად იმუშავა, 26% - უკეთესად, ხოლო 18% - როგორც მოელოდა. აპრილის 100-დღიან გამოკითხვასთან შედარებით, „მოლოდინზე უარესის“ მაჩვენებელი 43%-დან 56%-მდე გაიზარდა, ხოლო „უკეთესის“ - 34%-დან 26%-მდე შემცირდა.


გამოკითხულთა 60% თვლის, რომ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკას აუარესებს, 28%-ის აზრით - აუმჯობესებს, ხოლო 13% მიიჩნევს, რომ ეფექტი არ აქვს ან ჯერ ადრეა შეფასება.


გამოკითხვა ბენზინის მაღალი ფასების ფონზე ტარდება. ამერიკის ავტომობილისტთა ასოციაციის მონაცემებით, ოთხშაბათის მდგომარეობით ერთი გალონი ბენზინის საშუალო ფასი 4.47 დოლარი იყო. გაძვირების მთავარ მიზეზად ირანის მიერ ნავთობის ექსპორტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა სახელდება.


ტრამპმა მზარდი ფასები ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ მიტინგზე ასე შეაფასა: ეს არის „ძალიან იაფი ფასი იმისთვის, რაც ჩვენ გავაკეთეთ“.


მაღალი უკმაყოფილების ფონზე, ტრამპს კრიტიკა საკუთარი პარტიიდანაც აქვს. ირანთან მიმდინარე ომის დასრულებისკენ მოუწოდეს რესპუბლიკელმა კანდიდატებმა მერყევ შტატებში - ტომ ტიფანიმ (ვისკონსინი), ეშლი ჰინსონმა (აიოვა) და მაიკ როჯერსმა (მიჩიგანი).


ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სამშაბათს განაცხადა, რომ ირანს არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან დადებს შეთანხმებას აშშ-სთან ომის დასასრულებლად, ან „განადგურება“.

 

Emerson College Polling-ის გამოკითხვის თანახმად, შუალედურ არჩევნებამდე 40 დღით ადრე აშშ-ის დემოკრატიული პარტია რესპუბლიკელებს 11 პროცენტული პუნქტით უსწრებს. 

რესპონდენტების 53% მზად არის ხმა მისცეს დემოკრატების კანდიდადტს. რესპუბლიკელების კანდიდატების მხარდაჭერა კი 42%-ია.

ამომრჩევლები ძირითად ყურადღებას აქცევენ პარტიების პოზიციებს შემდეგ საკითხებზე (5-ბალიანი შკალით):

კონფლიქტი ირანთან: 3.87 ქულა;

შრომის ბაზარი: 3.80 ქულა;

საბაჟო/ბაჟის პოლიტიკა: 3.72 ქულა;

ბენზინის ფასები: 3.69 ქულა.


Emerson College Polling-ის კვლევა 21-22 სექტემბერს ჩატარდა და მასში 1,000 სავარაუდო ამომრჩეველი მონაწილეობდა. ცდომილების ზღვარი ±3%-ია.

წყარო: Emerson College Polling / News10

მოამზადა რაულ კაპანაძემ