კაიროს აეროპორტში ერაყის ხუთ მოქალაქეს, ასევე იემენის კიდევ ერთ მკვიდრს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მიფრინავდნენ, გამგზავრება აუკრძალეს,-ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებას უკავშირდება, რომელმაც შვიდ ქვეყანას, ძირითადად მუსლიმ მოსახლეობას, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
აღსანიშნავია, რომ მგზავრები კაიროში გააჩერეს, შემდეგ კი მოქმედი ვიზის მიუხედავად, სამშობლოში უკან დაბრუნება მოსთხოვეს.
აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შვიდ ქვეყანას, სადაც მუსლიმი მოსახლეობაა, ვიზის გაცემა მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში შეუწყვიტა. შესაბამის განკარგულებას ხელი, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოაწერა.
"ბრძანებულების პროექტის მიხედვით, ტრამპი ვიზების გაცემის შეწყვეტას 30 დღის განმავლობაში იმ შვიდი ქვეყნისთვის აპირებს, რომლის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმები არიან", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი აგრეთვე აპირებს გასცეს ბრძანებულება, რომელიც იმ ადამიანების შემოწმების პროცესის გადახედვას ითვალისწინებს, რომლებსაც აშშ-ში ჩასვლის სურვილი აქვთ. ასევე საუბარია იმ ქვეყნების სიის შედგენაზე, რომლებიც აშშ-სთან არ თანამშრომლობს და ქვეყნის პოტენციური ვიზიტორების შემოწმებისათვის საჭირო ინფორმაციას არ გასცემს.
27 იანვარს, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში 120 დღის განმავლობაში სირიელი ლტოლვილების მიღება აკრძალა.დონალდ ტრამპის განმარტებით, შეერთებული შტატები 2017 წელს არაუმეტეს 50 ათას მიგრანტს მიიღებს.