აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმართა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს თხოვნით, გადახედოს რესპუბლიკელთა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეტოქის, დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ მანამდე უარყოფილ სარჩელს. ტრამპი მას, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FB) ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის და რამდენიმე დემოკრატს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი თითქოს შეთანხმდნენ იმ დროინდელი არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით, რითაც მისი საარჩევნო კამპანია რუსეთთან დააკავშირეს.
წინა ინსტანციის სასამართლოებმა ეს სარჩელი უსაფუძვლოდ ცნეს და უარყვეს. ახლა ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს სერიოზული შედეგები აქვს პრეზიდენტობის ინსტიტუტისა და მთლიანად ქვეყნისთვის, ხოლო საქმის გადახედვა უზენაესი სასამართლოს მიერ თითქოს აუცილებელია ამ ინსტიტუტის დასაცავად.
დონალდ ტრამპმა სარჩელი ფლორიდის სასამართლოში 2022 წელს შეიტანა და ჰილარი კლინტონი და რამდენიმე დემოკრატი დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ცილისწამების მიზნით შეთქმულებაში დაადანაშაულა. იგი ამტკიცებდა, რომ 2016 წლის არჩევნების წინ მისმა ოპონენტებმა გაავრცელეს ცრუ ნარატივი პირადად მისი და მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ. შემდგომში, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა გამოძიებამ დოკუმენტურად დაადასტურა მრავალრიცხოვანი კონტაქტები ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუს წარმომადგენლებს შორის. თეთრი სახლის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტებს უარყოფდა და გამოძიებას ალქაჯებზე ნადირობას უწოდებდა.
აშშ-ის საოლქო მოსამართლემ დონალდ მიდლბრუკსმა, რომელიც ტრამპის პირველად სარჩელს განიხილავდა, სასარჩელო განცხადებას უწოდა "ორასგვერდიანი პოლიტიკური მანიფესტი", რომელშიც ტრამპი ოპონენტებისადმი თავის პრეტენზიებს გადმოსცემდა. მან აშშ-ის იმჟამინდელი ექსპრეზიდენტი სასამართლო სისტემის სისტემატურ ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა და ტრამპი და მისი ადვოკატი თითქმის მილიონი დოლარით დააჯარიმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმული იყო, რომ ტრამპის სარჩელი მიმართული იყო პოლიტიკური ნარატივის არაკეთილსინდისიერად წინ წამოწევისკენ და შეიცავდა შეგნებულად ცრუ მტკიცებულებებსა და უსაფუძვლო სამართლებრივ არგუმენტებს. ტრამპმა ამ ვერდიქტის გასაჩივრება სცადა, თუმცა ატლანტის სააპელაციო სასამართლომაც მისი სამართლებრივი არგუმენტები უსაფუძვლოდ ცნო.




