ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასეთი განცხადება თეთრ სახლში, სააღდგომო ღონისძიებაზე, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას გააკეთა.
ორშაბათს, თეთრ სახლში, სააღდგომო ღონისძიებაზე, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტი კვლავ დაემუქრა ირანს ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურებით, თუ ის არ დათანხმდება ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმებას.
„მათ არ სურთ, როგორც ამბობენ, დანებება. მაგრამ დანებდებიან და თუ არა, ხიდები არ ექნებათ. ელექტროსადგურები არ ექნებათ. არაფერი არ ექნებათ“, - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტის თქმით, ომი მიმდინარეობს „ერთი მიზეზის გამო“, კერძოდ, ირანის ბირთვულ იარაღზე წვდომის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, მან ასევე თქვა, რომ ირანული ნავთობის ხელში ჩაგდება სურს.
„არჩევანი რომ მქონდეს, რას ავირჩევდი? ნავთობის წამოღებას, რადგან ის იქ არის, საიდანაც მისი წაღება შეიძლება. მათ ამის საწინააღმდეგოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ“, - თქვა მან და დასძინა: „სამწუხაროდ, ამერიკელ ხალხს სურს, რომ ჩვენ სახლში დავბრუნდეთ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ნავთობს ავიღებდი. შევინახავდი და უამრავ ფულს ვიშოვიდი. ასევე, ირანის ხალხზე ვიზრუნებდი“.




