საფრანგეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლამ და მაროკოსთან გამარჯვებამ, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ტრაგიკული ელფერი შეიძინა.

პარასკევს, გამთენიისას, ოლნუა-ემერიში 17 წლის გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალაქის ცენტრში შეკრებილი გულშემატკივრები საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებას ზეიმობდნენ.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი გადმოვარდა სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც ზეიმის პარალელურად ქალაქის ცენტრში გადაადგილდებოდა. მიუხედავად სასწრაფო დახმარების ბრიგადების ოპერატიული რეაგირებისა და მათი მცდელობისა, გოგონა მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

ქალაქი, რომელიც გამარჯვების სიხარულით იყო მოცული, მომხდარის გამო, შოკშია. სამართალდამცველებმა დაიწყეს გამოძიება შემთხვევის ზუსტი გარემოებების დასადგენად. მათ უნდა გაარკვიონ, თუ რა პირობებში აღმოჩნდა მოზარდი მოძრავ ავტომობილზე და აღადგინონ მოვლენების სრული ქრონოლოგია.