ფლორიდაში, პალმ-ბიჩის ოლქში ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას აშშ-ის ტრანსპორტის მდივანი შონ დაფი ადასტურებს.

კატასტროფა დღეს, 1 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:50 საათზე მოხდა. Learjet 60-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინიდან ბაჰამის კუნძულების მიმართულებით მიფრინავდა, საცხოვრებელ რაიონში, გრინეიკრსთან ახლოს, Military Trail-ის მიმდებარედ ჩამოვარდა და აფეთქდა.



არსებული მონაცემებით, თვითმფრინავმა 35 ათასი ფუტის სიმაღლიდან მოულოდნელად დაიწყო ვარდნა და წუთში თითქმის 20 ათასი ფუტით ეშვებოდა, რის შემდეგაც რადარებიდან გაქრა. თვითმხილველების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეცემა თვითმფრინავი თითქმის ვერტიკალურად და მიწასთან შეჯახებისას უზარმაზარ ცეცხლის ბურთად იქცევა. ჩამოვარდნის ადგილზე ღრმა კრატერი გაჩნდა.

ხელისუფლების ინფორმაციით, მიწაზე მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება. დაღუპულთა ვინაობა ჯერ არ გახმაურებულა. მსხვერპლის რაოდენობით ეს შემთხვევა აშშ-ში წლის მეორე ყველაზე მსხვერპლიანი საავიაციო კატასტროფაა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ