თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ საფრთხე, რომლის შესახებაც კონგრესის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რუსეთის მიერ კოსმოსური თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღის შემუშავებას უკავშირდება.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ეს პოტენციალი აქტიური არ არის, მხოლოდ შემუშავების ეტაპზეა და მიუხედავად იმისა, რომ შეშფოთებას იწვევს, უშუალო საფრთხეს ამჟამად არ წარმოადგენს.

"აშშ განაგრძობს მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლას. კოსმოსში იარაღის განთავსება დაარღვევს საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის ხელმომწერთა შორის რუსეთიცაა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებაა ამ საკითხზე კონგრესის ლიდერების ინფორმირება და პირდაპირი დიპლომატიური კონტაქტები რუსეთთან და აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან", – განაცხადა მან.

ამასთან, თეთრ სახლს არ გაუცია რუსეთისგან მომდინარე საფრთხის შესახებ სადაზვერვო მონაცემების გასაჯაროების ნებართვა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ახალი სერიოზული საშიშროების შესახებ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკ ტერნერმა 14 თებერვალს განაცხადა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართა, ინფორმაცია გაასაჯაროოს, რათა კონგრესმა და აშშ-ის მოკავშირეებმა შეძლონ საპასუხო ზომების განხილვა.

ტერნერის ამ განცხადების შემდეგ, ამერიკულმა მედიასაშუალებებმა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ საფრთხე უკავშირდება რუსეთის მიერ კოსმოსში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებას. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ანონიმ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით არ გამორიცხა, რომ უკრაინის მხარდამჭერმა კონგრესმენმა ტერნერმა ხმაური ატეხა იმ მიზნითაც, რომ წარმომადგენელთა პალატას უბიძგოს უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის მიღებისკენ.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 15 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეთრი სახლი ყველა საშუალებით ცდილობს, კონგრესს მიაღებინოს კანონპროექტი უკრაინის დახმარების შესახებ.