ინფორმაციას 5 მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის 4-დღიანი ძებნის  შემდეგ დაკავების შესახებ ამერიკული პრესა ავრცელებს.

28 აპრილის გვიან საღამოს, ტეხასის უდიდეს ქალაქ ჰიუსტონის მახლობლად მდებარე დასახლება კლივლენდში, მამაკაცმა 5 მეზობელი, მათ შორის 9 ბავშვი მოკლა და მიიმალა.

შერიფის თქმით, მეზობლები (სამი მამაკაცი) ძებნილ მამაკაცთან საერთო ღობეს მიუახლოვდნენ და სთხოვეს მას სროლაში ვარჯიში შეეწყვიტა ან ეზოს მეორე მხარეს გაეგრძელებინა, რადგან ხმაურის გამო ბავშვის დაძინებას ვერ ახერხებდნენ. მეზობელმა, რომელიც ნასვამი იყო, უპასუხა მათ, რომ თავის ეზოში როგორც უნდოდა, ისე მოიქცეოდა.

დაახლოებით 10-20 წუთის შემდეგ დაზარალებული ოჯახის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომ სახლს შაშხანით შეიარაღებული მამაკაცი უახლოვდებოდა. სახლში შესულმა მამაკაცმა სხვადასხვა ოთახში 5 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი, მისი 25 წლის დედა, მათთან ერთად მყოფი ორი ქალი, 21 და 31 წლის ასაკის და 18 წლის ახალგაზრდა მოკლა. გადარჩა მოკლული ბავშვის მამა, რომელიც ფანჯრიდან გადახტა, კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც დამალვა მოახერხა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებსაც ქალები გადაეფარნენ და თავიანთი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

15 წუთის შემდეგ ადგილზე მისულმა პოლიციას დამნაშავე ადგილზე არ დახვდა.  მისი ტელეფონი ეზოში იყო გადაგდებული, ცოლი კი აცხადებდა, რომ არ იცოდა, სად იმყოფებოდა მისი ქმარი. ძაღლებმა კვალი აიღეს, მაგრამ მალე დაკარგეს. პოლიციამ ძებნა გამოაცხადა და დამნაშავის შესახებ ინფორმაციისთვის 80 000 დოლარი ჯილდო დააწესა.

ტრაგედიის მომდევნო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილი 38 წლის მექსიკელია, რომელიც სხვადასხვა დროს 4-ჯერ არის დეპორტირებული მექსიკაში. მის მიერ მოკლულები კი წარმოშობით ჰონდურასელი მიგრანტები არიან. 

გუშინ პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი ოთხდღიანი ძებნის და მიღებული მიღებული მინიშნებების შედეგად დააკავეს თავის სახლიდან დაახლოებით 32 კმ-ში მდებარე დასახლებაში. პოლიციის თქმით, იგი ერთ-ერთი სახლის საკუჭნაოში, სარეცხის გროვის ქვეშ იმალებოდა.