ერ-რიადში, მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 309 კი დაშავდა. ამის შესახებ საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ განაცხადა.

დიპლომატიურმა წყარომ მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენელ ჰუსიტებს დააკისრა, რომლებმაც ობიექტის მიმართულებით რაკეტა გაისროლეს, იუწყება სააგენტო AFP.

დაღუპულებს შორის არიან საუდის არაბეთის ოთხი მოქალაქე, ბანგლადეშის ორი, აშშ-ის ერთი მოქალაქე, ერთი ეგვიპტელი, ერთი იორდანიელი, ერთი სირიელი, ერთი პალესტინელი და ერთი სუდანელი. ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ეს კვირის განმავლობაში აეროპორტზე უკვე მესამე თავდასხმაა, დააზუსტა სააგენტო Reuters-მა.

საავადმყოფოები გადატვირთულია, დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებითა და ვერტმფრენებით გადაჰყავდათ, აცხადებენ წყაროები.

თავდასხმა გაფრთხილების გარეშე მოხდა, საუდის არაბეთის საფრთხის შესახებ შეტყობინების სისტემა არ ამოქმედებულა. ამ კვირაში საჰაერო ნავსადგურზე განხორციელებულმა წინა ორმა თავდასხმამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სერიოზული ზიანი მიადგა საუდის არაბეთის კომერციულ თვითმფრინავს.

შაბათის თავდასხმის შემდეგ ყველა რეისი ერ-რიადიდან სხვა მიმართულებით გადამისამართდა. აეროპორტის მუშაობა, რომელიც დაახლოებით 8-მილიონიან ქალაქს ემსახურება, დროებით შეჩერდა.

ჰუსიტებმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადეს, რომ ავიალაინერებმა თავი უნდა აარიდონ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეს და ის "სამხედრო ოპერაციების ზონად" გამოაცხადეს.