რუსეთის ქალაქი ბელგოროდი და მისი შემოგარენი მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო ქალაქში რამდენიმე მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ძლიერი ხანძარი ვრცელდება.

წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას ორი ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ძლიერი აფეთქებებისა და დარტყმების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ადგილობრივ თბოელექტროსადგურს, რამაც შესაძლოა, ელექტროენერგიისა და სითბოს მიწოდების პრობლემები შექმნას რეგიონში.

ხანძარი ვრცელდება ფართომასშტაბიან საწყობებზეც, მათ შორის, მსხვილი ონლაინ-რეტეილერის, კომპანია Ozon-ის ლოგისტიკურ ჰაბზე, სადაც ცეცხლის ლიკვიდაციას მეხანძრე-მაშველები ცდილობენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურები სრული მობილიზებით ცდილობენ ხანძრის კერების ჩაქრობასა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თავდასხმის შედეგად დაზიანებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.