NATO–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ელის, რომ, მათ შორის საქართველო სანქციებს დაიცავს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას არ გაუადვილებს. ამის შესახებ მან ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე "გზა ვილნიუსისკენ" საქართველოზე საუბრისას განაცხადა.
"NATO საქართველოსთან მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, ჩვენ ქვეყანას დავეხმარეთ რეფორმების განხორციელების, ასევე პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით. ომის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს, რომლებსაც მე "შუაში მყოფ სახელმწიფოებს" ვუწოდებ, აქ ვგულისხმობ მათ, რომლებიც NATO–ს წევრები არ არიან, მაგრამ ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მხრიდან ზეწოლას. ისინი დაუცველები არიან. ასე რომ, ჩვენ მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ ის, რასაც ვაკეთებთ ამ ქვეყნებისთვის და საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგალითია. ამას რომ ვამბობ, ვფიქრობ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო იცავდეს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლისაც ყველას გვჯერა. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ველით, რომ NATO–ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და არ გაუადვილებენ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია მეზობლების მიმართ 2014 წელს უკრაინაში არ დაწყებულა, არამედ, სულ მცირე, 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო.
"რუსეთს სურს, აღადგინოს გავლენის სფეროები მეზობლების გასაკონტროლებლად და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ბევრ მეზობელს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას და ვარშავის პაქტის წევრებს, არ ექნება დამოუკიდებლობა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.