ასეთი განცხადება აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და სამშვიდობო მისიებში, სტივ უიტკოფმა, „სიენბისისთან“ სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააკეთა.
ორშაბათს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის ლიდერებმა უარყვეს ბრალდებები, რომ ომის დროს ირანს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარებიათ, - განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა.
„ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია მათ სიტყვას ვენდოთ“, - თქვა უიტკოფმა სამშაბათს „სიენბისის“ გადაცემა „Money Movers“-თან ინტერვიუში და დასძინა:
„ვიმედოვნოთ, რომ ისინი ინფორმაციას არ გაუზიარებენ“.
ინტერვიუს დროს უიტკოფს ჰკითხეს, თვლიდა თუ არა, რომ რუსეთი ირანს აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდა და თუ ასეა, რატომ მოხსნა ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები, რომლებიც ინდურ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს რუსული ნავთობის შეძენას უკრძალავდა.
„მე დაზვერვის ოფიცერი არ ვარ, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. შემიძლია გითხრათ, გუშინ, პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას, რუსებმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია არ გაუზიარებიათ. ეს არის ის, რაც მათ თქვეს“, - განაცხადა უიტკოფმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს დილით, ის და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, ცალ-ცალკე ესაუბრნენ ტელეფონით პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველს, იური უშაკოვს.
უიტკოფის თქმით, ამ სატელეფონო საუბრის დროს უშაკოვმა „იგივე გაიმეორა“. კერძოდ, თქვა, რომ რუსეთი არ უზიარებს სადაზვერვო ინფორმაციას ირანს.




