სომხური მედიის ცნობით, ეკონომიკის მინისტრი გევორქ პაპოიანი უახლოეს დღეებში საქართველოს ესტუმრება.
საკონიაკო სპირტით დატვირთულ რამდენიმე მანქანას გზის გაგრძელების ნება დართეს, მაგრამ სამწუხაროდ, პრობლემა არ მოგვარებულა, რადგან პრობლემის გადაჭრა მისი გამომწვევი მიზეზის ინსტიტუციურ გაგებას გულისხმობს. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორქ პაპოიანმა დღეს, 15 მაისს, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში აჩერებენ რუსეთში მიმავალ საკონიაკო სპირტით სომხურ სატვირთო მანქანებს, ხსნიან ლუქებს, იღებენ ნიმუშებს და აგზავნიან ანალიზებზე, მაშინ როცა საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა და ეს პროდუქტი მისთვის არაა განკუთვნილი.
„გულწრფელად უნდა ვთქვა, მიზეზები ჩვენთვის გაუგებარია, ჩვენ ვცდილობთ პრობლემის გადაჭრის გზების პოვნას ყველა დონეზე. მინდა აღვნიშნო, რომ წინასწარი შეთანხმება გვაქვს. უახლოეს დღეებში, შესაძლოა, საქართველოს ვესტუმრო საკითხების ადგილზე გასაცნობად და მოსაგვარებლად“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 13 მაისს, ერევანში, საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართეს სომხური კონიაკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, , ექსპორტიორებმა და ტვირთების გადამზიდავებმა. საპროტესტო მიტინგის მონაწილეებს სომხეთში საქართველოს ელჩი შეხვდა.