რუსულმა ტელეგრამარხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა.

მოგვიანებით ფედერალური ტერიტორიის, „სირიუსის“ მერმა, დიმიტრი პლიშკინმა დაადასტურა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა.

„სირიუსი“ სოჭთან ახლოს მდებარე სპეციალური სტატუსის მქონე ტერიტორიაა.

„შავი ზღვის აკვატორიაში ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით „სირიუსის“ პლაჟები დროებით დაიკეტება“, – დაწერა დიმიტრი პლიშკინმა „ტელეგრამზე“.

პლიშკინმა ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს მოუწოდა, თავი შეიკავონ გარეთ ხანგრძლივად ყოფნისგან და შესაძლებლობის ფარგლებში ფანჯრები დახურონ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის არ დასახელებულა.