სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა რუსეთში იმყოფება. რუსული მედიის ინფორმაციით, ალ-შარაა კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
მათივე ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.
„რუსეთ-სირიის ურთიერთობებს ღრმა ფესვები აქვს. 1944 წელს მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა და საბჭოთა კავშირმა და სირიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ბნელი ფურცელი. ახლა, ამ ახალ რეალობაში, ნაწილობრივ და პირველ ყოვლისა, თქვენი ძალისხმევის წყალობით, სირიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვითარდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებული სირიის აღდგენაში წვლილი შეიტანოს.
„ვიცი, რომ სირიაში ბევრი რამის აღდგენა იქნება საჭირო და ჩვენი ეკონომიკური ოპერატორები, მათ შორის სამშენებლო სექტორში მომუშავეები, მზად არიან ამ ერთობლივი სამუშაოსთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს ძალისხმევას სირიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. გილოცავთ იმ იმპულსს, რომელსაც ეს პროცესი იძენს. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს სირიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, ალ-შარაამ მადლობა გადაუხადა პუტინს სირიის ერთიანობის მხარდაჭერისთვის და იმ „ისტორიული“ როლისთვის, რომელიც რუსეთმა „რეგიონის სტაბილურობაში“ შეასრულა.
ოგორც რუსული მედია წერს, მოლაპარაკებების დროს ლიდერები ასევე განიხილავენ სირიაში რუსული ჯარების ყოფნასთან დაკავშირებულ თემებს.
ცნობისთვის, ალ-შარაა პუტინს ბოლოს გასული წლის 15 ოქტომბერს შეხვდა. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი რუსეთში და სირიაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ორ ლიდერს შორის პირველი პირისპირი კონტაქტი უმაღლეს დონეზე.
2024 წლის ნოემბრის ბოლოს სირიის ოპოზიციურმა ძალებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სამთავრობო პოზიციების წინააღმდეგ და 8 დეკემბერს დამასკოში შევიდნენ. ბაშარ ალ-ასადი გადადგა სირიის პრეზიდენტის თანამდებობიდან და ქვეყნიდან გაიქცა. სირიის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აჰმედ ალ-შარაა გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად 2025 წლის 29 იანვარს გამოცხადდა.
თარგმანი: პირველი არხი












