აშშ-ში სიკვდილმისჯილი 50 წლის ამერიკელი კრისტა პაიკი ორი სასიკვდილო ინიექციის გადატანის შემდეგ გონს მოვიდა და საუბარი შეძლო. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პაიკი საავადმყოფოში რჩება, მისი ჯანმრთელობის სამომავლო მდგომარეობასთან დაკავშირებული პროგნოზები კი ჯერჯერობით გაურკვეველია.

"პროგნოზები ჯერ გაურკვეველია, სულ მცირე, ხანგრძლივ რეაბილიტაციას ველოდებით," - განაცხადეს უფლებადამცველებმა. მათი თქმით, საავადმყოფოშიც კი ქალი ბორკილებში ჰყავთ.

განაჩენის აღსრულების დროს პაიკმა დამწვრობები და ხელების სერიოზული დაზიანებები მიიღო. ადვოკატები მის შემთხვევას აშშ-ის ისტორიაში პირველად მიიჩნევენ, როდესაც მსჯავრდადებულმა სასიკვდილო ინიექციის გადატანა შეძლო.

სამედიცინო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წარუმატებელი ეგზეკუციის მიზეზი ინტრავენური კათეტერების არასწორი ჩადგმა შეიძლებოდა ყოფილიყო. მათი ვერსიით, წამალი უშუალოდ ვენაში არ მიედინებოდა და მის ნაცვლად ქსოვილებში გროვდებოდა.

"როგორც ჩანს, სიკვდილით დასჯის განმახორციელებელი ჯგუფის არცერთი წევრი არ აცნობიერებდა, რომ ინტრავენური კათეტერები არასწორად იყო ჩადგმული ან ვენები გასკდა", - ნათქვამია პაიკის ადვოკატების სასამართლო განცხადებაში.

უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ მკურნალი ექიმები წინასწარ აფრთხილებდნენ ოფიციალურ პირებს პაიკის თხელი ვენებისა და სისხლის დაავადებების შესახებ, რასაც პროცედურის გართულება შეეძლო. მათი თქმით, ეს გაფრთხილებები არ გაითვალისწინეს.

ახლა ადვოკატები წარუმატებელ ეგზეკუციასთან დაკავშირებული ყველა არსებული მასალის შენარჩუნებას ითხოვენ. ისინი აპირებენ, გამოიყენონ ეს მასალები ტენესის შტატის ხელისუფლების მიერ სასტიკი და უჩვეულო სასჯელის კონსტიტუციური აკრძალვის სავარაუდო დარღვევის მტკიცებულებად.

განაჩენის აღსრულებამდე ტენესის გუბერნატორმა ბილ ლიმ უარი თქვა პაიკის შეწყალებასა და სიკვდილით დასჯის სამუდამო პატიმრობით შეცვლაზე. მომხდარის შემდეგ მან "ყოვლისმომცველი დამოუკიდებელი გამოძიების" ჩატარების განკარგულება გასცა და შტატში სასიკვდილო განაჩენების აღსრულება 2027 წლამდე გადადო.

პაიკს სიკვდილით დასჯა 1995 წელს 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის მიესაჯა. მკვლელობის მომენტში პაიკი 18 წლის იყო. პაიკი არ უარყოფდა დანაშაულში მონაწილეობას, თუმცა მისი ადვოკატები წლების განმავლობაში ითხოვდნენ სასიკვდილო განაჩენის გაუქმებას, სხვა მიზეზებთან ერთად ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ ძალადობასა და ფსიქიკურ აშლილობებზე დაყრდნობით.

წარუმატებელი ეგზეკუციის შემდეგ, დაცვის მხარემ კვლავ მიმართა გუბერნატორს სასიკვდილო განაჩენის სამუდამო პატიმრობით შეცვლის თხოვნით.