აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შიდა კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი, მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი გათიშულია.
ინფორმაციას „სიენენი“ ექვს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, ამ ეტაპზე კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს. მათივე ცნობით, ვიდრე სააგენტო პრობლემის მასშტაბის გარკვევას ცდილობს, თანამშრომლების სამსახურში მისვლა სხვადასხვა დროისთვის გადანაწილდა.
„ვერ ვხედავთ ვერანაირ მტკიცებულებას, რომ ეს კიბერშეტევა იყო. ამერიკელებს სანერვიულო არაფერი აქვთ – არც კრიზისია და არც მსგავსი რამ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ლორენ ბისმა.
ქსელი NSANet-ი თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, უწყების შიგნით საიდუმლო ინფორმაცია გაცვალონ. აშშ-ის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების განცხადებით, NSANet-ის გათიშვა გავლენას არ მოახდენდა სააგენტოს შესაძლებლობაზე, გადაუდებელი სადაზვერვო ინფორმაცია მიეწოდებინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის, მაშინ, როდესაც ის აზიაში, საპრეზიდენტო თვითმფრინავით, Air Force One-ით მოგზაურობს.
წყაროს ინფორმაციით, NSANet-ის გათიშვას გავლენა არ მოუხდენია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და კანადის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების სისტემაზე, რომელიც „ხუთი თვალის“ (Five Eyes) სახელით არის ცნობილი.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში აშშ-ში ტექნიკური შეფერხებების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. პარასკევს, სისტემური გაუმართაობის გამო, ქვეყნის მასშტაბით ყველა ავიარეისი რამდენიმე საათით შეჩერდა, რის შედეგადაც ათასობით რეისი გადაიდო ან გაუქმდა. გასულ კვირას Microsoft-ის სერვისების მასშტაბური შეფერხების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხმარებლებმა Outlook-ის ელექტრონულ ფოსტასა და Teams-ის შეხვედრებზე წვდომა დაკარგეს. ბოლო კვირების განმავლობაში შეფერხებები დაფიქსირდა ბანკებსა და სხვა სერვისებშიც. ორშაბათს Chase Bank-ის ათასობით მომხმარებელმა განაცხადა, რომ ონლაინ ანგარიშებით სარგებლობისას პრობლემები შეექმნათ.




