შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც უკრაინაში იარაღის რეექსპორტის საშუალებას იძლევა.
"ქვეყნებს, რომლებიც ყიდულობენ შვეიცარიულ სამხედრო აღჭურვილობას, უნდა მიეცეთ უფლება, გარკვეულ პირობებში, განახორციელონ მისი რეექსპორტი შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩართულ ქვეყნებში“, - ნათქვამია შვეიცარიის პარლამენტის პრეს–სამსახურის განცხადებაში.
ცვლილების მიხედვით, ქვეყნებს, რომლებიც ყიდულობენ შვეიცარიულ იარაღს ხუთი წლის შემდეგ იარაღის მესამე მხარისთვის მიყიდვა შვეიცარიის თანხმობის გარეშე შეეძლებათ. ასევე დაიშვება იმ მეომარ ქვეყნებში რეექსპორტი, რომლებიც, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით იარაღს თავდაცვისთვის იყენებენ.
ახლა ცვლილებას მხარი უნდა დაუჭიროს ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტის ქვედა პალატა). 1 ივნისს ეროვნულმა საბჭომ მსგავსი ინიციატივა უარყო.
მანამდე, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ შვეიცარიას მიმართა უკრაინისთვის შვეიცარიული იარაღის გადაცემის მოთხოვნით, მაგრამ უარი მიიღო. კერძოდ, გასული წლის ივნისში შვეიცარიამ დანიასა და გერმანიას აუკრძალა კიევისთვის საზენიტო დანადგარებისა და ჯავშანტექნიკის საბრძოლო მასალის მიწოდება, რითაც თავისი პოზიცია ნეიტრალიტეტის დარღვევად ახსნა.
შვეიცარია შეუერთდა სანქციებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს უკრაინის მიმართ მისი აგრესიის გამო. ამის პასუხად მოსკოვმა განაცხადა, რომ შვეიცარიამ დაკარგა ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი.