შვეიცარიის მთავრობამ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. ოფიციალური ბერნი, იუნესკოსთან თანამშრომლობით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, კიევ-პეჩერის ლავრის აღდგენისა და გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოებისთვის დაახლოებით 730 ათას აშშ დოლარს (700 ათას შვეიცარიულ ფრანკს) გამოყოფს.

ფედერალური საბჭოსა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, გამოყოფილი სახსრები მოხმარდება იმ შენობა-ნაგებობებისა და არქიტექტურული კომპლექსების რეაბილიტაციას, რომლებიც დაზიანდა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და აფეთქებების ტალღების გამო.

პირველ რიგში, უზრუნველყოფილი იქნება უნიკალური ტაძრებისა და ნაგებობების სახურავების, ფასადებისა და მზიდი კონსტრუქციების დროებითი გამაგრება, რათა გამოირიცხოს ნალექისა და კლიმატური ფაქტორებისგან მიყენებული შემდგომი ზიანი.

პროექტი ითვალისწინებს არტეფაქტებისა და მუზეუმის ფონდების დაცვის თანამედროვე სისტემების დანერგვას.

სამუშაოები განხორციელდება მკაცრად, იუნესკოს ექსპერტების ზედამხედველობით, რათა სრულად იყოს დაცული ლავრის ისტორიული და არქიტექტურული ავთენტიკა.

უკრაინის კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამინისტრომ შვეიცარიის მთავრობას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინული მხარის განცხადებით, ქვეყნის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა ეროვნული უსაფრთხოებისა და წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

თავის მხრივ, ბერნში აღნიშნავენ, რომ შვეიცარია კვლავაც მტკიცედ განაგრძობს უკრაინის ჰუმანიტარულ და კულტურულ მხარდაჭერას, რათა მომავალ თაობებს შეუნარჩუნდეს მსოფლიო კულტურული ფონდის ისეთი უმნიშვნელოვანესი ძეგლები, როგორიც კიევ-პეჩერის ლავრაა.