შვედეთში დასრულდა ეროვნული რომანტიკული არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაგებობად მიჩნეული კირუნის ეკლესიის ახალ ადგილზე გადატანის ძირითადი ეტაპი. 

1909-1912 წლებში აშენებული კირუნის ლუთერანული ეკლესიის შენობა, რომლის სიმაღლე 35 მეტრია, სიგანე 40 მეტრი, წონა კი 672 ტონა, რკინის საბადოს შახტების გაფართოების სამუშაოებიდან გამომდინარე საფრთხის გამო და მისი პირვანდელი სახის უცვლელად შენარჩუნების მიზნით 5 კილომეტრის დაშორებით გადაადგილეს.

კირუნაში ქალაქის ცენტრალური ნაწილი მთლიანად გადააქვთ ახალ ცენტრში, რადგან შახტის გაფართოების სამუშაოების შედეგად მიწაში ბზარები ჩნდება და შენობა-ნაგებობებს დანგრევის საფრთხე ექმნებათ

ახალი ცენტრი 2022 წელს გაიხსნა და ძველი ცენტრის იქ სრულად გადატანა 2035 წლისთვის არის დაგეგმილი. კირუნის ეკლესიის გადატანის სამუშაოები, 8 წლის განმავლობაში მზადდებოდა. ხარჯები - 50 მილიონ დოლარზე მეტი - მთლიანად მადნის მომპოვებელმა კომპანიამ დააფინანსა. შენობის გადატანა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტრანსპორტირების სიჩქარე საათში 500 მეტრს არ აღემატებოდა.


კირუნის რკინის საბადო მასში რკინის მაღალი შემცველობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მსოფლიოში. საბადოზე,რომლის შახტებიც 2 კილომეტრამდე სიღრმეშია გაყვანილი, ბოლო წლებში 23-27 მილიონ ტონა მადანს მოიპოვებენ. კირუნის მთის საბადოზე მადნის მოპოვება 1890 წლიდან წარმოებს. 2023 წელს შვედეთის ეკონომიკის მინისტრ ება ბუშის და LKAB-ის (ლუოსავაარა-კიირუნავაარას სააქციო საზოგადოება) ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, კირუნის რკინის საბადოს მახლობლად ევროპაში დღეისათვის უდიდესი იშვიათი მიწაელემენტების საბადო აღმოაჩინეს.