შონ "დიდი" ქომბსის საქმეს 25 არასრულწლოვანის სარჩელი შეემატა. დაზარალებულთა წარმომადგენელმა ადვოკატმა, ტონი ბაზბიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქომბსის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში სარჩელი ჯამში 120-მა ადამიანმა შეიტანა. ყველა სარჩელი სექსუალურ ძალადობას, გაუპატიურებას და შევიწროებას ეხება.

ბაზბის თქმით, მსხვერპლთა შორის 25 არასრულწლოვანია. ერთ-ერთი მომჩივანზე ქომბსმა მაშინ იძალადა, როცა ის ცხრა წლის იყო.

ადვოკატის განცხადების მიხედვით, მსხვერპლთა ნახევარი კაცია, ნახევარი კი - ქალი. ინციდენტთა უმრავლესობა 2015 წლის შემდეგ მოხდა.

მომჩივანთა დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ქომბსის მიერ მოწყობილ წვეულებების შემდეგ გააუპატიურეს, დაზარებულთაგან რამდენიმე ათეული კი დამწყები მუსიკოსები იყვნენ, რომლებმაც ქომბსთან მუსიკალურ ინდუსტრიაში მოსახვედრად შესარჩევი გასაუბრება გაიარეს.

"ინდუსტრიაში მოხვედრის მსურველ ახალგაზრდა ადამიანებს ხშირად აიძულებდნენ ამ ტიპის ქმედებებს და ჰპირდებოდნენ, რომ თუ ქომბსის სურვილს დაემორჩილებოდნენ, ის მათ ნამდვილ ვარსკვლავებად აქცევდა ან უბრალოდ მოუსმენდა მათ შემოქმედებას," - თქვა ტონი ბაზბიმ.

ქომბსს უჩივის კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ძალადობის დროს არასრულწლოვანი იყო. მისი თქმით, მას "დიდიმ" უთხრა, რომ წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა ორალური სექსის სანაცვლოდ.

მსხვერპლთა დამცველი იურიდიული ფირმის წარმომადგენელთა თქმით, 3000-ზე მეტი ზარი მიიღეს ადამიანებისგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქომბსის მხრიდან შევიწროების მსხვერპლები გამხდარან.

შონ "დიდი" ქომბსი დანაშაულს ამ ეტაპამდე არ აღიარებს.