დეკემბერში აშშ-ის ეკონომიკამ მხოლოდ 50 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა  და შედეგად, 2025 წელი დასაქმების მხრივ 2020 წლიდან ყველაზე ცუდი წელი იქნება, - წერს „ენბისი ნიუსი“, „სიენენი“ კი აღნიშნავს, რომ  გასულ წელს აშშ-ში დასაქმების საერთო ზრდა, სოფლის მეურნეობის გამოკლებით, 2003 წლიდან ყველაზე დაბალი იყო, ეკონომიკური რეცესიის წლების გამოკლებით. 

2025 წელს მხოლოდ 584 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია წინა ორ წელიწადში თითოეულში შექმნილ 2 მილიონზე მეტსა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის პიკური 2022 წლის 4 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილთან შედარებით.

ფედერალური მუშაკების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა 2025 წელს, განსაკუთრებით ოქტომბერში, როდესაც ათიათასობით ფედერალურმა თანამშრომელმა, რომელთა სამუშაო ადგილებიც გაუქმდა მილიარდერ ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის გაუმჯობესების ინიციატივის ფარგლებში, ოფიციალურად დაასრულა სამთავრობო სამსახური.

ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე მიიღო მკაცრი ზომები იმიგრაციის შეზღუდვის მიზნით, რამაც ბევრი კომპანია აიძულა, სიფრთხილით მოჰკიდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაქირავებას.

ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ ბოლო წლებში გაზრდილმა იმიგრაციამ ხელი შეუწყო შეერთებულ შტატებში მუშახელის მუდმივი დეფიციტის აღმოფხვრას და შრომის ბაზრის გაძლიერებას მთლიანობაში.

შრომის ბაზრის შენელება, სავარაუდოდ, მუშაკებისთვის სამსახურის ნებაყოფლობით შეცვლასაც გაართულებს.

შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, დეკემბერში სამუშაო ადგილების ზრდა ძირითადად კვების პროდუქტების, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სექტორებით იყო განპირობებული, ხოლო კლება დაფიქსირდა საცალო ვაჭრობასა და წარმოებაში.

ხელფასების მონაცემებმა აჩვენა, რომ დეკემბერში საშუალო საათობრივი შემოსავალი 37.02 აშშ დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 3.8%-ით მეტია.

„როიტერის“ მიერ გამოქვეყნებული გათვლების თანახმად, იმისათვის, რომ აშს-ის ეკონომიკა მოსახლეობის ზრდას ფეხდაფეხ აჰყვეს, იდეალურ შემთხვევაში, ყოველთვიურად 50 000-დან 120 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.