რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ევრაზიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი რეალურია, – ამის შესახებ „ტასი“ წერს.

„ევრაზიის მთელ სივრცეში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი სავსებით რეალურია და ეს უმძიმეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენი მონაცემებით, ევროპის ლიდერებს სჯერათ კონტროლირებადი ესკალაციისა და ზღვარზე ბალანსირების სტრატეგიის, რომელიც დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეიმუშავეს“, – განაცხადა ნარიშკინმა დსთ-ის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა XXII სხდომაზე, რომელიც სადაზვერვო საქმიანობის საკითხებს ეძღვნება.

ნარიშკინის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების მიერ ამოქმედებული პროპაგანდის მექანიზმები მსოფლიოს იმდენად მკაცრ სურათს ქმნის, რომ ისინი თავად ხდებიან ამ სურათის მძევლები და საკუთარ მახეშივე ებმებიან.

„ამ ვითარებაში დიპლომატია უკვე აღარ მუშაობს და სახელმწიფოები, სიტყვასიტყვით, ტოტალურ ომში აღმოჩნდებიან, რაც ხშირად ყველასთვის გამანადგურებელი შედეგით სრულდება“, – აღნიშნა ნარიშკინმა.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ, ხელი შევუშალოთ მოვლენების ამგვარ განვითარებას. საბედნიეროდ, ისტორიამ იცის ესკალაციის სპირალიდან წარმატებით გამოსვლის მაგალითები, თუმცა არც ისე ბევრი. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია კარიბის კრიზისი, როდესაც ჩვენმა საერთო დიდმა ქვეყანამ – საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შეძლეს ურთიერთდათმობებზე წასვლა და ბირთვული ომის თავიდან აცილება“, – განაცხადა ნარიშკინმა.