რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთმა წარადგინა შეთავაზება, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები უფრო მაღალ დონეზე წარიმართოს და დელეგაციების უფრო მაღალი დონის პირები ხელმძღვანელობდნენ. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. 

ამჟამად უკრაინის დელეგაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, ხოლო რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკია. 

"გუშინწინ პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შედეგად ჩვენმა პრეზიდენტმა წარადგინა შეთავაზება, რომ მოლაპარაკებები არა მხოლოდ გაგრძელდეს, არამედ დელეგაციების ხელმძღვანელების დონის ამაღლებაზე დავფიქრდეთ. ეს სწორედაც ჯდება ჩვენს წინადადებაში, რომელიც ახლახან ვახსენე, იმაზე, რომ ამ პროცესის ფარგლებში ცალკეული ბლოკი რეგულირების პოლიტიკური ასპექტების განხილვისთვის იყოს გამოყოფილი, სამხედრო და ჰუმანიტარულთან ერთად". - თქვა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს ვაშინგტონში ტრამპის, ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, საუბრის დროს ორივე ლიდერმა მხარი დაუჭირა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი შეხვედრების გაგრძელებას.