სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ გაიმარჯვა.

ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ, მმართველ "სერბეთის პროგრესის პარტიას" 47% აქვს, ოპოზიციურ ალიანს "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" - 23%.

ამგვარად, მმართველი პარტია 250-ადგილიან პარლამენტში 128 მანდატს მიიღებს, რაც უმრავლესობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად საკმარისი იქნება.

ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში ამომრჩევლების 59.1%-მა მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია სერბეთს 2012 წლიდან მართავს. სახელისუფლებო პარტიის მთავარი მეტოქე, "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ", რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა.

მის შექმნას წინ უძღოდა ორი მასობრივი მკვლელობა ამ წლის მაისში, რომელსაც ჯამში 19 ადამიანი ემსხვერპლა.

დამკვირვებლები ელოდნენ, რომ ოპოზიცია მმართველ პარტიას ყველაზე მეტ პრობლემას ბელგრადში შეუქმნიდა - გუშინ სერბეთში საპარლამენტოსთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ჩატარდა.

თუმცა წინასწარი მონაცემებით, სახელისუფლებო პარტია მცირე სხვაობით ბელგრადსაც იგებს - მათ ქალაქის საკრებულოში 48 მანდატი აქვთ, ოპოზიციას კი - 43.

"ეს აბსოლუტური გამარჯვებაა, რაც ძალიან მახარებს. ვიცით, რას მივაღწიეთ წარსულში და რამდენად რთული დრო გველის", - თქვა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა.