ჩრდილოეთ კოსოვოში, ეთნიკურ სერბებსა და NATO-ს სამშვიდობო ძალებს (KFOR) შორის შეტაკების შედეგად, NATO-ს 25 ჯარისკაცი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
დაშავებულებს შორი 11 იტალიელი ჯარისკაცია. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის თქმით, დაშავებულებიდან 3 იტალიელი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სერბეთის სახელმწიფო მაუწყებლის ინფორმაციით, სერბეთის მხრიდან 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დილიდან გამწვავდა. მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა.
ზვეჩანში, სერბმა მომიტინგეებმა ნატოს ჯარისკაცების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
დაძაბული ვითარების ფონზე, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა.