სერბეთი უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, "მომავალი ზამთრისთვის მზადების ფარგლებში", 2 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს, 8 აგვისტოს, სერბეთის პრემიერ-მინისტრ ჯურო მაცუტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ასევე ვისაუბრეთ უკრაინის აღდგენაში სერბეთის მონაწილეობაზე – მადლობას ვუხდი ჩვენი ერთ-ერთი დაზარალებული ქალაქის აღდგენის პროცესში ჩართვის მზაობისთვის", — დაწერა ზელენსკიმ Telegram-ის საკუთარ არხზე.

მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქალაქის აღდგენაზეა საუბარი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი სერბეთში პირველია რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ. ამავე დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალური შეხვედრა გამართა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან.

ბელგრადში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის სვლას ევროკავშირისკენ და კიევს ევროინტეგრაციისთვის საჭირო ყველა სამოლაპარაკებლო კლასტერის რაც შეიძლება სწრაფად გახსნასა და დასრულებას უსურვებს.

ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთი მზადაა, მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამასთან, მან თავი შეიკავა სხვა ქვეყნების ევროპულ გზაზე არსებული შესაძლო დაბრკოლებების კომენტირებისგან და ხაზი გაუსვა, რომ თავად სერბეთიც აწყდება პრობლემებს სამოლაპარაკებლო კლასტერების გახსნის პროცესში (ბელგრადმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2009 წელს შეიტანა, ხოლო კანდიდატის სტატუსი 2012 წლიდან აქვს).

სერბეთი ევროპაში მოსკოვის მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოდ ითვლება. ბელგრადს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია და მასთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს ენერგეტიკულ სფეროში. ბრიუსელი ხშირად მიუთითებს, რომ ეს "თბილი ურთიერთობები" სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აფერხებს.

ცნობილია, რომ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც მინიმუმ ორჯერ პირადად შეხვდა ვლადიმერ პუტინს.