სერბეთის ხელისუფლება მიზნად ისახავს, რომ 2027 წლის ბოლომდე ქვეყანა შენგენის ზონაში გასაწევრიანებლად ტექნიკურად და იურიდიულად მზად იყოს. ამის შესახებ სერბეთის ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში მინისტრმა, ნემანია სტაროვიჩმა "რადიო ბელგრადის" ეთერში განაცხადა.
ბელგრადი აპირებს, დაასრულოს ყველა საჭირო რეფორმა და შეასრულოს ის კრიტერიუმები, რაც აუცილებელია შენგენის სივრცეში გასაწევრიანებლად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანება, სავარაუდოდ, 2030 წლამდე ვერ მოხერხდება ევროპული ბიუროკრატიული პროცედურების გამო, ამიტომ სერბეთი აქცენტს სწორედ შენგენის სივრცეში ინტეგრაციაზე აკეთებს.
რეფორმების ეფექტიანად განსახორციელებლად სერბეთის მთავრობამ უკვე შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაზე მუშაობს.
შენგენის ზონაში გაწევრიანება სერბეთს ავალდებულებს, სრულად მოახდინოს ვიზა-პოლიტიკის ჰარმონიზაცია ევროკავშირის წესებთან. ეს გულისხმობს იმ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვას ან გაუქმებას, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირის მიგრაციულ სტანდარტებს, რაც, სავარაუდოდ, რუსეთთან არსებულ უვიზო რეჟიმსაც შეეხება.
"ჩვენი მიზანია, 2027 წლის ბოლომდე დავასრულოთ ყველა ის აუცილებელი პროცედურა, რაც შენგენის სივრცეში გასაწევრიანებლად არის საჭირო. ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებსა და ბიზნესს ევროპულ ბაზარზე თავისუფალი გადაადგილების ახალ შესაძლებლობებს მისცემს", — განაცხადა ნემანია სტაროვიჩმა.




