აშშ-ში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების 14-მა სენატორმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი მიწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც დეკემბერში მაიამიში გაიმართება. 

ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

„პრეზიდენტი პუტინი სრულად არის პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიული ომის დაწყებაზე. მისი მონაწილეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში „დიდი ოცეულის“ სამიტში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ამან შესაძლოა, ხელი შეუწყოს იმ ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და ნორმალიზებას, რომელიც უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე ყოველდღიურად განაგრძობს თავდასხმებს“, – აღნიშნულია სენატორების წერილში.

სენატორები აღნიშნავენ, რომ პუტინი, რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრები აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან იმ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედაა მიჩნეული. მათი თქმით, თუ პუტინი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებული არ იქნება, მას შესაძლოა, უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ნაკლები მოტივაცია ჰქონდეს.

მედიის ცნობით, წერილის ინიციატორები არიან მისისიპის შტატის რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი და ნიუ-ჰემფშირის შტატის დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი. მათ გარდა, დოკუმენტს მხარი კიდევ ექვსმა დემოკრატმა და ექვსმა რესპუბლიკელმა დაუჭირა.

„ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, რომ ანტონ სილუანოვის მონაწილეობამ აგვისტოში ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ეშვილში გამართულ  ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში ზოგიერთი ქვეყნის უკმაყოფილება გამოიწვია.

ცნობისთვის, დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის შესახებ მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ პუტინი სამიტს დაესწრება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ შესაძლოა, „დიდი ოცეულის“ სამიტი გახდეს უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის პლატფორმა.