საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში გამართული საპროტესტო აქციების დროს ულტრამემარცხენე ჯგუფების მონაწილეობით არეულობა მოხდა.
დემონსტრაციებს შეუერთდნენ სამართალდამრღვევებიც, რომლებმაც ძარცვა და ქონების დაზიანება დაიწყეს.
ლეკორნუს თქმით, ქვეყანაში მშვიდობიან დემონსტრაციებს თავისი ადგილი აქვს, თუმცა ცეცხლის წაკიდება, ძარცვა და თავდასხმები მიუღებელია.
ლეკორნუმ მხარდაჭერა გამოუცხადა პოლიციელებსა და ჟანდარმებს, რომლებმაც, მისი თქმით, მოქალაქეების დასაცავად უკიდურესად ინტენსიური ძალადობის პირობებში იმოქმედეს.
„მინდა, საფრანგეთის მოსახლეობას ვუთხრა, რომ მათ შეუძლიათ, იამაყონ პოლიციელებითა და ჟანდარმებით. ისინი სრულ მხარდაჭერას იმსახურებენ“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
ლეკორნუს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ზოგიერთი ჯგუფი საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს.
მისივე თქმით, ხელისუფლება ზეწოლას არ დაემორჩილება.
„მათ, ვისაც აშკარად სურს, ეს ძალადობრივი ქმედებები საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპად გამოიყენოს, პირდაპირ ვეუბნები: ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ვერავინ მოახვევს საზოგადოებას საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს ძალადობის გზით“, – აღნიშნა ლეკორნუმ.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სამართალდამცველების ამოცანაა, აღკვეთონ უკანონო ქმედებები, დაიცვან ადამიანებისა და ქონების უსაფრთხოება, დააკავონ დამნაშავეები და ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარადგინონ.
ლეკორნუმ ასევე ისაუბრა კანონპროექტზე, რომელიც ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას დამნაშავეებს აკისრებს. მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები შეზღუდულია და მათი გამოყენება საჯარო სერვისების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს და არა ვანდალების მიერ განადგურებული ქონების აღდგენას.
„ხარჯების ანაზღაურება სწორედ მათ უნდა დაეკისროთ“, – განაცხადა ლეკორნუმ.




