ისრაელი გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გეტერეშთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს.
გაეროში ისრაელის ელჩი დენი დანონი აცხადებს, რომ ამის მიზეზი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ კონფლიქტის ზონებში ისრაელის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის გამო ქვეყნის შავ სიაში შეყვანაა. ელჩი გაეროს გადაწყვეტილებას „აღმაშფოთებელს“ უწოდებს.
მისივე თქმით, ისრაელს გენერალური მდივნის ოფისთან არანაირი კონტაქტი არ ექნება, ვიდრე გუტერეში ორგანიზაციის ხელმძღვანელი იქნება.
„გაერო-მ ისრაელი კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის ჩამდენთან შავ სიაში შეიყვანა. ჩვენ დავიღალეთ გენერალური მდივნის ტყუილებით. დემოკრატიული ისრაელის სახელმწიფოს „ჰამასის“ ტერორისტებთან გაიგივება ახალი დაბალი დონეა. ისრაელი იცავს თავის მოქალაქეებს, მაშინ როცა „ჰამასი“ ხოცავს, აუპატიურებს და იტაცებს ადამიანებს“, – განაცხადა ელჩმა.
დანონის განცხადებას გუტერეშის წარმომადგენელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათთვის გენერალური მდივნის ოფისის კარი კვლავ ღია რჩება.
„ჩვენი მხრიდან, გენერალური მდივნის კარი ღია რჩება“, – აღნიშნა სტეფან დიუჟარიკმა.











