ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაავალა, აღუდგინოს CNN-ის, MS NOW-სა და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში დაშვების უფლება. სამი მედიასაშუალების საქმიანობის აკრძალვა, ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციას, განმარტა აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ტიმ კელიმ გადაწყვეტილების გამოცხადებისას იმ სარჩელზე, რომლითაც სამმა მედიასაშუალებამ ტრამპის მიერ 18 სექტემბერს გამოცხადებული აკრძალვა გაასაჩივრა.

კელიმ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ამ მედიასაშუალებების ჟურნალისტებს თეთრი სახლის საშვები და ჩინოვნიკებს 14 დღის განმავლობაში აუკრძალა დაშვების შეზღუდვის აღსრულება. მოსამართლემ უარყო აშშ-ის ადმინისტრაციის მტკიცება იმის შესახებ, რომ ეს აკრძალვა ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით იყო განპირობებული.  

"საქმის მასალებში არ არსებობს ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხეების იმ მტკიცებისთვის, თითქოს მოსარჩელეთა მუდმივი საშვების გაუქმება ნამდვილად უზრუნველყოფს ეროვნულ უსაფრთხოებას ან რომ ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, თუ სასამართლო გასცემს განკარგულებას ამ საქმის განხილვის პერიოდში მათთვის საშვების აღდგენის შესახებ", — განაცხადა კელიმ.  

მან დასძინა, რომ თავად ტრამპმა აკრძალვა ამ მედიასაშუალებების პუბლიკაციების "სავარაუდო უტყუარობის ნაკლებობითა და ნეგატიური ხასიათით" ახსნა. ტრამპმა მანამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ სამ მედიასაშუალებას "არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მუდმივად წეროს ან გაავრცელოს გამოგონილი ამბები და სიცრუე", ხოლო იუსტიციის სამინისტროს იურისტები აკრძალვის გამართლებას ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით ცდილობდნენ. 

სამმა მედიასაშუალებამ 21 სექტემბერს სარჩელი შეიტანა ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში და განაცხადა, რომ აკრძალვა არღვევს სიტყვისა და პრესის თავისუფლების გარანტიებს, რომლებიც განმტკიცებულია აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით, ასევე მათ უფლებას ჯეროვან სამართლებრივ პროცედურაზე.  

მედიასაშუალებებმა მოსამართლეს სთხოვეს, დროებითი სასამართლო განკარგულების (Restraining Order) გამოცემა, რომელიც დაუყოვნებლივ აღადგენდა მათ დაშვებას თეთრ სახლში სარჩელის განხილვის პერიოდში.  

სასამართლო განხილვა მიმდინარეობს 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე, სადაც ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები შეეცდებიან, შეინარჩუნონ კონგრესზე კონტროლი. გამოკითხვების თანახმად, ტრამპის საქმიანობის მოწონების რეიტინგმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია ისეთ საკითხებზე შეშფოთების ფონზე, როგორებიცაა ირანთან ომი და ინფლაცია.