მოსკოვის სასამართლომ ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთის ხელისუფლება "ექსტრემისტულად" მიიჩნევს ნავალნის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას - კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, რომელმაც რუსი პოლიტიკოსების კორუფციასა და მათ ქონებაზე არაერთი საგამოძიებო მასალა მოამზადა.
სასამართლო სხდომა ვლადიმირის ოლქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაიმართა, სადაც პოლიტიკოსი თაღლითობის ბრალდებით ცხრაწლიან სასჯელს იხდის.
ნავალნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც კოლონიაში 2021 წლის თებერვლის შემდეგ იმყოფება. მაშინ სასამართლომ ე.წ. ივ როშეს საქმეზე პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ნავალნი რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ის მკურნალობას გადიოდა. 2020 წლის ზაფხულში ნავალნი "ნოვიჩოკის" საწამლავით მოწამლეს.
თავდაპირველად, პოლიტიკოსი სასჯელს იხდიდა პოკროვში ზოგადი რეჟიმის კოლონიაში და უნდა გათავისუფლებულიყო 2023 წლის ზაფხულში, მაგრამ 2022 წლის ივნისში ძალაში შევიდა განაჩენი თაღლითობის ახალი საქმეზე, რომლისთვისაც მას 9 წელი მიუსაჯეს. ამის შემდეგ ის გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს.