საფრანგეთში ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ექსტრადიცია განხორციელდა

1545649036
საფრანგეთში სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იტყობინება.
პიტერ შერიფი 16 დეკემბერს ჯიბუტიში დააკავეს. შაბათს, საღამოს ის ხელბორკილებითა და დაცვის თანხლებით პარიზში გადაიყვანეს. 36 წლის შერიფი ასევე ცნობილია, როგორც აბუ ჰამზა.
ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა პარიზში, 7 იანვარს მოხდა. ორი თავდამსხმელი რედაქციის შენობაში შეიჭრა და ჟურნალის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. მოგვიანებით, ეჭვმიტანილების, ძმების შერიფი და საიდ კუაშების ლიკვიდაცია სპეცრაზმმა შტურმის დროს მოახდინა.
თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. საფრანგეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმას ტერაქტი უწოდა. დაღუპულთა შორის იყვნენ ცნობილი კარიკატურისტები: სტეფან შარბონიე, ჟან კაბიუ, ჟორჟ ვოლინსკი და ბერნარ ვერლაკი.
2015 წლის 14 იანვარს „შარლი ებდომ“ ახალი ნომერი გამოუშვა 3 მილიონიანი ტირაჟით, რომლის გარეკანზე წინასწარმეტყველ მუჰამედის შარჟია, რომელსაც თვალებიდან ცრემლები მოსდის და ხელში ცნობილი სლოგანი „მე შარლი ვარ“ უჭირავს. გარეკანზე არის აგრეთვე წარწერა „ყველაფერი შეგინდეთ“. ჟურნალის პირველი 1 მილიონიანი ტირაჟი 2015 წლის 14 და 15 იანვარს გამოვიდა.