ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის — "ევროვიზიის" წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ოფიციალური გადაწყვეტილებით, ქვეყანა, რომლის წარმომადგენელიც კონკურსში გაიმარჯვებს, ავტომატურად დაკარგავს მომდევნო წელს შოუს საკუთარ ტერიტორიაზე მასპინძლობის უფლებას, თუ მის უსაფრთხოებაზე ან რეგიონზე შეიარაღებული კონფლიქტი და რთული გეოპოლიტიკური ვითარება ახდენს გავლენას.

საჭიროების შემთხვევაში, EBU უფლებას იტოვებს, ინიციირება გაუკეთოს რეგიონში არსებული უსაფრთხოების დონის დამოუკიდებელ აუდიტს.  

თუ ორგანიზაცია და რეფერენტული ჯგუფი დაასკვნიან, რომ გამარჯვებული ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს, შოუს სხვა, ალტერნატიული სახელმწიფო ჩაიბარებს.  

აღნიშნული ცვლილებები ძირითადად ეფუძნება ბოლო წლების გამოცდილებას და მონაწილე მაუწყებლების გამოხმაურებებს. კერძოდ, წარსულში მსგავსი პრეცედენტები უკვე არსებობდა — მაგალითად, 2023 წელს უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის გამო, კონკურსი გაერთიანებულ სამეფოში (ლივერპულში) ჩატარდა, თუმცა ის ოფიციალურად უკრაინის სახელით გაიმართა. გარდა ამისა, წინა წლების კონკურსებს თან ახლდა მასშტაბური განხილვები და პოლიტიკური ხასიათის ბოიკოტები, რამაც ორგანიზატორები უფრო მკაცრი და მკაფიო სტანდარტების შემოღებამდე მიიყვანა.  

EBU-ს განცხადებით, ახალი წესების მიზანია კონკურსის ნეიტრალურობის დაცვა და მონაწილეების, ასევე მილიონობით მაყურებლის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.