"ნათელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის ძირითად ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აკეთებს და რომელიც არ შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა არჩევნების გზით უნდა მოიპოვოს.
"რასაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვხედავთ, არის, მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს. დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება. ეს ტრენდია და უნდა იქცეს სტრატეგიად და მიმართული უნდა იყოს შემდეგ არჩევნებზე. ჩვენ აღარ გვჭირდება ამ ქვეყანაში გადატრიალებები, რადიკალური გადაწყვეტილებები, ეს ქვეყანა უნდა დარჩეს სტაბილური და ჩვენი გზა ევროპისკენ არჩევნებში უნდა მოვიგოთ. არჩევნების თემა იქნება : რუსეთი თუ ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებას და ეს არჩევანი არასდროს შეცვლილა.
"ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ძალიან ახლოს ვართ მოლაპარაკებების დაწყების პროცესთან, რომელიც უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაიწყეს. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები ევროკავშირთან. ყველა ქართველი თავს ევროპელად გრძნობს, საქართველოს მოსახლეობის 80%, გასული 30 წლის განმავლობაში მუდმივად, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირსა და ატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება. ეს არის ის, რაც ვერაფერმა შეცვალა, ვერც ომმა 2008–ში, ვერც ტერიტორიის ოკუპაციამ - მოსახლეობის სიმტკიცე ურღვევია და არ შეიცვლება და სწორედ ეს სიმტკიცე მიგვიყვანს არჩევნებზე წელს ოქტომბერში და დარწმუნებული ვარ, რომ გასული წლის მსგავსად, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, წელს მივიღებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.