აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს სანქციებს უწესებს.  ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"შეერთებული შტატები დღეს სანქციებს აწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად დამატებით ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის სამართალდამცავი და უსაფრთხოების ჩინოვნიკებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით. მათ შორის ხმის მიცემის უფლება იძულების ან დაშინების გარეშე.

დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო მოქმედებებს, აფართოებს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც სექტემბერში დაწესდა საქართველოს ოფიციალურ პირებზე და ავსებს გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ქმედებებს.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით და ვაგრძელებთ პასუხისმგებლობის ხელშეწყობას, ვინც თანამონაწილეა ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის მათ დემოკრატიულ მომავალს", — ნათქვამია სახდეპის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.