საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გერმანიაში დაგეგმილი სამდღიანი ვიზიტი გადადო. ემანუელ მაკრონი ბერლინში დღეს უნდა გამგზავრებულიყო.

ახალგაზრდა მძღოლის, ნაელ მ.-ს მკვლელობის გამო, პროტესტი პარიზთან 28 ივნისს, ღამით დაიწყო. გზაზე, შემოწმების დროს, მოზარდმა პოლიციელის მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც, პოლიციელმა მას ესროლა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომდევნო ოთხი ღამის განმავლობაში არეულობები იყო საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ტულუზაში, მარსელში და სტრასბურგში. რიგ რაიონებში, არეულობის მონაწილეთა ჯგუფებმა მაღაზიები გაძარცვეს და მანქანები და სანაგვე ურნები დაწვეს. ხელისუფლებამ, საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად, ათიათასობით პოლიციელის გაგზავნის ბრძანება გასცა.

მომხდარის გარემოებების დასადგენად, სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ. 38 წლის პოლიციელი, რომელმაც, სავარაუდოდ, მოზარდს ესროლა, დაკავებულია. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.