საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანაში ევთანაზიის, ანუ ე.წ. "დახმარებით სიკვდილის" ლეგალიზაციას ითვალისწინებს. ეს ნაბიჯი ქვეყნის სოციალურ და სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე და მნიშვნელოვან ცვლილებად მიიჩნევა.

კანონი ეხება მხოლოდ სრულწლოვან, ფსიქიკურად ჯანმრთელ პირებს, რომლებსაც აქვთ განუკურნებელი დაავადება, რომელიც იწვევს აუტანელ ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტკივილს, და რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, ექიმების პროგნოზით, შეზღუდულია.

ევთანაზიის მსურველმა პირმა ნებაყოფლობითი და გააზრებული თანხმობა უნდა დააფიქსიროს. გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

კანონი ითვალისწინებს "სინდისის უფლებას" სამედიცინო პერსონალისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს უფლება აქვთ, უარი თქვან პროცედურის შესრულებაზე პირადი ან ეთიკური მოსაზრებების გამო.

საფრანგეთში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მომხრეები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების გაფართოებაა და პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად დაასრულონ სიცოცხლე, ტანჯვის გარეშე. ხოლო მოწინააღმდეგეები, მათ შორის, რიგი რელიგიური და სამედიცინო ორგანიზაციები, გამოთქვამენ შეშფოთებას ეთიკური რისკებისა და სიცოცხლის ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევის გამო.

საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ კანონის აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოფილი იყოს როგორც პაციენტების უფლებების დაცვა, ისე მედიცინის მუშაკთა ეთიკური ნორმების პატივისცემა.