გუშინ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქორწინების შედეგად წარმოშობილი მოვალეობების შესახებ სამოქალაქო კოდექსში არსებულ ჩანაწერს იმგვარად განმარტავს, რომ  „თანაცხოვრება არ აკისრებს მეუღლეებს სექსუალური ურთიერთობების დამყარების ვალდებულებას“.

კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ ქორწინებაში სექსუალური ურთიერთობების დამყარების ვალდებულება არ არსებობს და რომ ეს იყო ქალთმოძულე პირთა  დრომოჭმული არგუმენტი, რომელიც დღემდე გამოიყენებოდა განქორწინების ზოგიერთ საქმეში.

„მინდა, გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა ყველა უმ ქალისადმი, რომელიც იძულებული გახდა სექსით დაკავებულიყო , რომელიც ცოლქმრულ ურთიერთობაში გაუპატიურების მსხვერპლი გახდა... ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონპროექტი იქნება საწყისი წერტილი, რათა საბოლოოდ დასრულდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კანონპროექტის თანაავტორმა, მწვანეთა პარტიის წევრმა მარი-შარლოტ გარინმა, კენჭისყრის შემდეგ.

კანონპროექტი 106 ხმით 0-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული და ახლა სენატმა უნდა განიხილოს.  

სამოქალაქო კოდექსი ქორწინებიდან წარმოშობილ ოთხ მოვალეობას ადგენს: ერთგულება, ურთიერთმხარდაჭერა, დახმარება და თანაცხოვრება. ის არ ითვალისწინებს სექსუალური ურთიერთობების დამყარების ვალდებულებას. თუმცა, ზოგიერთი ძველი სამართლებრივი პრეცედენტი თანაცხოვრებას „ერთად ძილთან“ აიგივებდა, რითაც, მისი ავტორების განმარტებით, გრძელდებოდა „ცოლქმრული მოვალეობის“ შესახებ არასწორი იდეის დამკვიდრება.

მაგალითად, 2019 წელს მამაკაცის მოთხოვნა განქორწინებაზე ცოლის ბრალეულობის საფუძველზე იმის გამო დააკმაყოფილეს, რომ ცოლი მასთან რამდენიმე წლის განმავლობაში სექსუალური ურთიერთობა არ ჰქონდა. მომდევნო წელს ქალმა უშედეგოდ გაასაჩივრა გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოში და საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც 2025 წლის იანვარში საფრანგეთი ამ საკითხში დაგმო.