ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მოლაპარაკებების ჩავარდნის გამო, მეფე ფილიპესთან აუდიენციისას გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ბელგიის სამეფო სასახლემ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
"მეფეს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია. ხვალიდან ის მმართველი უმრავლესობის პარტიების თავმჯდომარეებთან კონსულტაციებს გამართავს", - ნათქვამია განცხადებაში.
სამეფო სასახლის სხვა პოსტის მიხედვით, მეფე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აქტუალური გამოწვევების შესაბამის ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე ქვეყანას ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფუფუნება არ აქვს. მოსალოდნელია, რომ 6 ნოემბერს ბელგიის მონარქი დე ვევერს კვლავ მიიღებს, მანამდე კი მას ბიუჯეტთან დაკავშირებით კომპრომისის მისაღწევად დრო კიდევ აქვს.
სააგენტო AP იხსენებს, რომ 2025 წლის თებერვალში თანამდებობის დაკავებისას, კონსერვატორსა და ფლამანდიელ ნაციონალისტს ბარტ დე ვევერს ვალებით დამძიმებული ბელგიის საბიუჯეტო პრობლემების მოგვარება სურდა, თუმცა თავის წინადადებებზე ხუთპარტიული მთავრობის სხვა წევრების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
მონაცემების მიხედვით, ბელგია იტალიასა და საფრანგეთთან ერთად ევროკავშირის იმ ქვეყნების რიგებშია, რომლებსაც ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი აქვთ. ვალები წლების განმავლობაში გროვდებოდა, თუმცა პანდემიისა და ენერგეტიკული კრიზისის გამო, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
ევროკომისიის პროგნოზით, მიმდინარე წელს ბელგიის სახელმწიფო ვალი მშპ-ს 110%-მდე გაიზრდება, რაც სააგენტო TASS-ის ცნობით, 735 მილიარდი ევროს ეკვივალენტურია. სამხედრო ხარჯების ზრდის პირობებში მთავრობას ბიუჯეტში 10 მილიარდი ევრო აკლია, რისი მოძიებისთვისაც სოციალური ხარჯების შემცირება ან გადასახადების გაზრდაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ სამთავრობო კრიზისი ბელგიაში სტუდენტური პროტესტებისა და პროფკავშირების მიერ მოწყობილი პერიოდული გაფიცვების ფონზე ვითარდება.




