საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ ლვოვში მდებარე სასტუმროში, სადაც იგი იყო გაჩერებული, მისი ოთახის ქვემოთ მდებარე ნომრიდან გამოსულ პირებს, ოთახში ჩანთა დარჩათ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში, მაყურებლების თვალწინ ხსნის. კაბელები და მოწყობილობები, რომლებსაც სააკაშვილი აღნიშნული ჩანთიდან იღებს, მისი თქმით, სათვალთვალო და მოსასმენი მოწყობილობებია.

"პეტრ ალექსეევიჩ, თქვენ საქმე არაფერი გაქვთ? გინდათ უყუროთ, თუ როგორ დადის სააკაშვილი საპირფარეშოში? თქვენი ცხოვრება არ გყოფნით? გინდათ ჩემი პირადი ცხოვრებით, ინტიმური ისტორიებით დაკავდეთ? მე მინახავს მსგავსი ადამიანები... პუტინი იყო ამით დაკავებული, საქართველოში ასეთი ასლან აბაშიძე გვყავდა, იგი იყო ამით დაკავებული, რაღაც ნომრებს იწერდა ხოლმე.

არ გრცხვენიათ?! მე ქვეყნის პრეზიდენტი ვიყავი და როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, სპეცსამსახურებს, პირადი ცხოვრების ჩაწერას ვუკრძალავდი, ჯაშუშების პირადი ცხოვრებისაც კი. იყო ასეთი შემთხვევა, რომ მომიტანეს ერთი-ერთი აგენტის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, რომლის გამოყენებაც ჩვენს სპეცსამსახურებს უნდოდა. მე მათ ვუთხარი, რომ გაენადგურებინათ ყველაფერი და აგრეთვე ვუთხარი, რომ მეტჯერ აღარასდროს ჩაიწერდნენ, მტრებსაც კი. ამ კომპრომატებით მე ვერ შემაჩერებთ", - აღნიშნავს სააკაშვილი.