მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, საქართველოს მოქალაქეს, ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე ტერაქტის ჩადენის ბრალდებით, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ამის შესახებ რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედიასაშუალება TASS წერს.
"სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა, ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების თაობაზე“, - უთხრეს გამოცემას სასამართლოში.
აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობის სახით, ორთვიანი ვადით ამოქმედდება ბრალდებულის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციის მომენტიდან, ან - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან.
ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მაშინ თქვეს, რომ აფეთქდა საწვავის სატვირთო მანქანა. თუმცა დაზიანება მასშტაბური იყო - ყირიმის მიმართულებით გზის გადასასვლელის ორი მონაკვეთი ჩამოინგრა. ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო მატარებელსაც.
რუსეთის უშიშროების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სამშენებლო მასალებში იყო შენიღბული. მათი მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი თავდაპირველად ოდესის პორტიდან ბულგარეთში, შემდეგ საქართველოში, ფოთის პორტში და ბოლოს სომხეთში გაგზავნეს. შემდეგ სომხეთიდან ტვირთი ისევ საქართველოში, ბოლოს კი რუსეთში გაიგზავნა. მათი თქმით, გადაცემაში უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს ორი მოქალაქეც - სანდრო ინასარიძე და ბროკერი, სახელად - ლევანი მონაწილეობდნენ.