რუსული მედია დედ ჰასანის შვილიშვილის დაკავების შესახებ იუწყება
1563197624
დაკავებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის აგრეთვე იყო ირაკლი უსოიანი - კანონიერი ქურდის ასლან უსოიანის, ცნობილი, როგორც დედ ჰასანის შვილიშვილი. ამის შესახებ „РИА Новости“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.
აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უსოიანი მოსკოვში ვენიდან ჩავიდა, რათა გარჩეულიყო, თუ როგორ უნდა გადანაწილებულიყო ადგილობრივი კომერსანტები და ნარკოტიკული საშუალებებიდან შემოსავალი.
მთლიანობაში, კრიმინალურ შეკრებაში 32 ადამიანი მონაწილეობდა. ყველა მათგანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული პროტოკოლი.
2013 წლის 16 იანვარს, მოსკოვში, შუადღისას, რესტორან "სტარი ფაეტონთან" "კანონიერი ქურდი" "დედ ჰასანი" (ჰასან უსოიანი) მოკლეს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, 2012 წლის ბოლოს რუსეთის ქურდული სამყარო ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინში იყო, ამბობდნენ, რომ ყველაზე გავლენიანი ქურდის, "დედ ჰასანის" წინააღმდეგ ახალი ძალები ერთიანდებოდნენ, მაგრამ იმას, რაც 16 იანვარს მოსკოვის ცენტრში მოხდა, არავინ ელოდა...
იმ დღეს ჰასან უსოიანი რესტორან "სტარი ფაეტონში" მცველებთან ერთად მივიდა. "სტარი ფაეტონი" წლების განმავლობაში "დედ ჰასანის" ე.წ. ოფისად იყო ქცეული. ის აქ მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა. სიკვდილს რამდენჯერმე სასწაულებრივად გადარჩენილი ჰასანი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა: ქალაქში გასვლისას მუდამ თან ახლდა 4 ლინკოლნის მარკის დაჯავშნული მანქანა და დაცვის ათამდე თანამშრომელი. 14.30 საათზე, შენობიდან გასვლისას, კრიმინალურ ავტორიტეტს რამდენჯერმე ესროლეს. მძიმედ დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, "დედ ჰასანი" მოკლა მოპირდაპირე სახლის მეხუთე-მეექვსე სართულის კიბის ბაქანზე ჩასაფრებულმა სნაიპერმა (ვინაიდან ფანჯარა მაღლა იყო, მსროლელი სკამზე იდგა). კილერმა მაყუჩიანი სპეციალური შაშხანა დფკ-90 გამოიყენა, რომლითაც მხოლოდ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმები სარგებლობენ. მკვლელს მსხვერპლის მიზანში ამოსაღებად მხოლოდ რამდენიმე წამი ჰქონდა. დაახლოებით 120 მ მანძილიდან კილერმა 6 გასროლა მოახდინა, ერთი უსოიანს მოხვდა კისრის არეში, ორი ე.წ. რეკოშეტით ნასროლი ტყვიით კი გამვლელი ქალბატონი დაიჭრა (მეორე ვერსიით, ეს ქალბატონი ჰასან უსოიანს ახლდა). "დედ ჰასანის" დაცვის წევრმა კილერს ცეცხლი გაუხსნა, თუმცა უშედეგოდ. საგულისხმოა, რომ მკვლელი შენობის ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს. მას ახლა სამართალდამცავების გარდა, კრიმინალური სამყაროც დაეძებს.




