რუსმა სპორტულმა ფიგურამ, კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) ხელმძღვანელმა უმარ კრემლიოვმა ბაჰამის კუნძულებზე დონალდ ტრამპ უმცროსია ქორწილის ხარჯების ნაწილი გადაიხადა. ამის შესახებ ნათქვამია პლატფორმა ProPublica-ს გამოძიებაში, რომელიც ორშაბათს, 14 სექტემბერს გამოქვეყნდა.
მისი მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა კრემლიოვმა საკუთარ თავზე აიღო ფეიერვერკისა და იმ კერძო კუნძულებიდან ერთ-ერთის იჯარის ხარჯები, სადაც 2026 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი შვილისა და მოდელ ბეტინა ანდერსონის საქორწილო ზეიმი გაიმართა. ცერემონიაში, დაახლოებით, 50 სტუმარი მონაწილეობდა, მათ შორის, თეთრი სახლის ხელმძღვანელის კიდევ ერთი შვილი — ერიკ ტრამპი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად არის დანიშნული უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებში.
თავად IBA-ს ხელმძღვანელის გარდა, რომელიც თითქმის არ საუბრობს ინგლისურად, ღონისძიებაზე რუსების მრავალრიცხოვანი ჯგუფი ჩაფრინდა, აღნიშნავს ProPublica.
ProPublica-ს თანახმად, რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ოდენობის გადახდა შევიდა დუბაიში მდებარე ორგანიზაციისგან, რომელსაც კრივის ასოციაცია IBA საკუთარი ფინანსური ოპერაციებისთვის იყენებს.
დონალდ ტრამპ უმცროსი ქორწილის დაფინანსების შესახებ ინფორმაციას არ მალავს. მისი წარმომადგენლის განცხადებით, კრემლიოვი აშშ-ის პრეზიდენტის შვილის პირადი მეგობარია და მათ შორის საქმიანი ურთიერთობა არ არსებობს. ProPublica-ს გამოძიების გამოქვეყნებისთანავე დონალდ ტრამპ უმცროსმა და ბეტინა ტრამპმა დაადასტურეს უმარ კრემლიოვის როლი დღესასწაულის დაფინანსებაში. "ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა უმარმა ორი წარმოუდგენელი საზეიმო საღამო მოგვიწყო, — ნათქვამია მათ განცხადებაში, რომელიც ბეტინა ტრამპის Instagram-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა. — სამწუხაროდ, რაღაც ისეთი პირადი და მხიარული, შესაძლოა, რაღაც პოლიტიკურადაც იყოს შეფასებული მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ არის ეს ადამიანი ან საიდან არის წარმოშობით. მეგობრობას სავალდებულო არ არის, რომ პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს".
კრემლიოვის ხელმძღვანელობით მოქმედი კრივის ასოციაციის მთავარი სპონსორი რუსული სახელმწიფო კონცერნი "გაზპრომია".
გამოცემა "პროექტის" 2024 წლის გამოძიების თანახმად, ტაჯიკეთში დაბადებულ უმარ კრემლიოვს 2010 წლამდე გვარი ლუტფულლოევი ჰქონდა და მას ორი ნასამართლობა გააჩნდა: გამოძალვისთვის 2004 წელს და ცემისათვის 2007 წელს.




