6 სქტემბრის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს, დაიღუპა ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს

"რუსი ტერორისტები ოდესის ოლქის იზმაილის რაიონს თითქმის სამი საათის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, მან მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - დაწერა კიპერმა ტელეგრამზე.  

მისი თქმით, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა ნგრევა და გაჩნდა ხანძარი.

„დაზიანდა საპორტო და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საოფისე შენობები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები“, - აღნიშნა კიპერმა.

საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე იყო გამოცხადებული.