რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა კიევში მდებარე საწვავის გასამართ სადგურებსა და შენობა-ნაგებობებს შეუტიეს. დაშავებულია შვიდი ადამიანი. ქალაქის მერის თქმით, ყველა დაშავებული საავადმყოფოებში იმყოფება, მათგან ორი კი — მძიმე მდგომარეობაშია. ცოტა ხნის შემდეგ კლიჩკომ დაამატა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილთაგან ერთი გარდაიცვალა.
ოდესის ოლქში რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიური შეტევა მიიტანეს. "დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლები, ლოგისტიკური ობიექტები, საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. დაზიანდა კერძო სახლების სახურავები, ფასადები და მინები, ათობით ავტოფარეხი და ავტომობილი", — დაწერა Telegram-ზე ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.
ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ფედერაციის მიერ გაშვებული დრონების შეტევის ქვეშ ინფრასტრუქტურული ობიექტი მოექცა, — ამის შესახებ რეგიონის ხელისუფლება იტყობინება. მათი ცნობით, საგანგებო სამსახურები შემთხვევის ადგილზე ხანძარს აქრობენ. ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაშავდა.




