21 ოქტომბერს, ოკუპანტებმა, შესაძლოა, ორი Су-30 ტიპის გამანადგურებელი დაკარგეს. მათგან პირველის კალინინგრადის ოლქში ჩამოვარდნის შესახებ, დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების მტკიცებით, თვითმფრინავი გეგმური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა, მას საბრძოლო კომპლექტი არ ჰქონდა და დაუსახლებელ რაიონში დაეცა. ოკუპანტების სამხედრო უწყებამ დაამატა, რომ პილოტებმა კატაპულტირება შეძლეს, გადარჩნენ და მათი ევაკუაცია განხორციელდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოგვიანებით, რუსი ოკუპანტების პროსამხედრო ბლოგერმა, კირილ ფედოროვმა, თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა Су-30-ის ფოტო შემდეგი წარწერით: "ეს დღე კატასტროფაა. ორი თვითმფრინავი. გავაგრძელებთ ცხოვრებას!". ოკუპანტების საჰაერო-კოსმოსურ ძალებთან დაკავშირებულმა არხებმა, Fighterbomber-მა და "Воевода вещает"-მა ასევე გამოაქვეყნეს ცნობები, რომლებიც მეორე გამანადგურებლის ჩამოვარდნაზე მიუთითებს.
უკრაინულმა პორტალმა "Мiлiтарний"-მ ივარაუდა, რომ საუბარია Су-30СМ-ის მოდიფიკაციაზე — ერთ-ერთ უახლეს ვერსიაზე.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში რუსი ოკუპანტების საჰაერო-კოსმოსურ ძალებს არაერთი სხვა არასაბრძოლო დანაკარგიც ჰქონდათ. 2023 წლის აგვისტოში, კალინინგრადის ოლქში ჩამოვარდა რუსული გამანადგურებელი Су-30, რომელიც ასევე სასწავლო ფრენას ასრულებდა, რის შედეგადაც ეკიპაჟი დაიღუპა. 29 სექტემბერს, რუსულმა სახელმწიფო სააგენტო "ტასმა" მათსავე თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ამურის ოლქში გეგმური სასწავლო-საწვრთნელი ფრენისას სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95 ჩამოვარდა. აღნიშნული იყო, რომ ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა, ერთმა კი ტრავმები მიიღო. ამასთან, 1-ელ აპრილს, ღამით, ოკუპანტების მიერ ანექსირებულ ყირიმში, გეგმური ფრენისას, თავდაცვის სამინისტრომ Ан-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა აღიარა. შემთხვევის შედეგად ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა. გარდა ამისა, 2025 წელს ოკუპანტების სხვადასხვა რეგიონში ჩამოვარდა ბომბდამშენი Су-34, რაკეტმზიდი Ту-22М3, მოიერიშე Су-25 და გამანადგურებელი МиГ-31. ოფიციალური მონაცემებით, მეორე ინციდენტს პილოტი ემსხვერპლა; დანარჩენ შემთხვევებში კი მსხვერპლი არ ყოფილა.




