რუსმა ბიზნესმენმა გოდ ნისანოვმა პორტუგალიის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადი შეიტანა
1658646377
პორტუგალია განიხილავს რუსი მილიარდერის გოდ ნისანოვის მოქალაქეობის მოთხოვნას, რომელიც აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით Reuters იტყობინება.
ნისანოვთან ერთად განაცხადი შეიტანა ისრაელის მოქალაქე ლევ ლევიევმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული რუსეთში ალმასის ბიზნესში. ორივე მოთხოვნა "მოლოდინშია", - ნათქვამია პორტუგალიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. მაისში ნისანოვი აშშ-ს სანქციების სიაში შევიდა. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მას უწოდა "ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის ახლო თანამოაზრე.
Forbes-ი ნისანოვის ქონებას 1,3 მილიარდ დოლარად აფასებს. 2020 წლის გამოცემამ გაარკვია, რომ ნისანოვი მჭიდრო არაფორმალურ კავშირებს ინარჩუნებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, სერგეი ნარიშკინთან. ნარიშკინის ოჯახი იყენებდა ნისანოვის ქონებას და თავად დაზვერვის ხელმძღვანელი რეგულარულად სტუმრობს მილიარდერის აუზს.
ნისანოვი ფლობს რამდენიმე სავაჭრო ცენტრს მოსკოვში, მათ შორის ევროპულ სავაჭრო ცენტრს, ასევე Radisson Collection Hotel Moscow და Radisson Royal ფლოტილიას.
ნისანოვი და ლევიევი ელიან პორტუგალიის მოქალაქეობის მიღებას დაბრუნების კანონის საფუძველზე, რომელიც ასეთ უფლებას ანიჭებს სეფარდი ებრაელების შთამომავლებს, წერს Reuters. 2021 წელს რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი პორტუგალიის მოქალაქე გახდა. 2020 წელს მილიარდერმა ანდრეი რაპოპორტმა იმავე კანონით პორტუგალიის მოქალაქეობა მიიღო.
Reuters-ის ცნობით, ოთხივე ბიზნესმენმა მოქალაქეობის მოთხოვნით პორტოს ისრაელის თანამეგობრობის (CIP) მეშვეობით მიმართა, წერს Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. ორგანიზაციაში გამოძიება კორუფციის, თაღლითობისა და გაყალბების ბრალდებით მიმდინარეობს.
მარტში, კრიმინალური საგამოძიებო სააგენტოს წევრებმა დააკავეს ამ თემის ხელმძღვანელი, რაბინი დანიელ ლიტვაკი, დოკუმენტის გაცემის ბრალდებით, რომელიც საშუალებას აძლევდა აბრამოვიჩს მიეღო პორტუგალიის მოქალაქეობა. CIP ბრალდებებს "ცრუს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ყველა განმცხადებელი აკმაყოფილებდა საკანონმდებლო მოთხოვნებს მათი წარმოშობის დასადასტურებლად საჭირო სერთიფიკატის მისაღებად.