2 ნოემბერს რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კომიშუვახაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი ზაპოროჟიეს რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დღესაც გრძელდება.

რუსლან სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ რუსებმა თავდასხმისას, სულ მცირე, ცხრა ერთეული FAB-500 და FAB-3000 ბომბები გამოიყენეს, რომლებიც ბუნკერების გასანადგურებლად არის განკუთვნილი.

„ეს დანაშაული, ისევე როგორც მშვიდობიან უკრაინელებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ყოველი თავდასხმა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. მსოფლიომ რუსულ ტერორს კონკრეტული ქმედებებით უნდა უპასუხოს“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის თქმით, დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, პოლიციელები და მაშველები არიან. სტეფანჩუკმა გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.